Combined Shape

სერვერადმინი

Windows 10..11..12..

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Windows 10..11..12..
Loading
/

განვითარების სიჩქარე და უკან ჩამორჩენილი მომხმარებლები…

Windows-ის განვითარების ისტორიას თითქმის დასაბამიდან ვადევნებ თვალს.

ჯერ კიდევ MS DOS საოპერაციო სისტემის ბაზაზე Windows 3.11-ის მომხმარებელი გავხდი და იმ დღიდან ჩემი დამოკიდებულება სამომხმარებლო სისტემებთან მიმართებაში რადიკალურად შემეცვალა.

გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი ახალი არ იყო ჩემთვის, მაგრამ ფანჯრების და მრავალამოცანიანობის კონცეფცია ნამდვილად რევოლუციური და საინტერესო ცვლილება აღმოჩნდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი Windows 95-ის გამოსვლა იყო, რომელმაც ინტერნეტის ეპოქაში შეაბიჯა და ბრაუზერების ომის დასაწყისადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ.

რევოლუციური იყო Windows 2000, რომელიც სერვერული სამყაროდან შემოვიდა სამომხმარებლო სისტემებში და სრულიად ჩაანაცვლა MS DOS-ის ბაზა, რითაც ახალი განვითარების ეტაპი დაიწყო.

მათ შორის არსებულ Windows NT და Windows 98 სისტემების შესახებ ბევრი, რამ შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ამ სიღრმეებში წარსულის ქექვა დღევანდელი საუბრის თემას სცდება.

კიდევ ერთი უძლიერესი ნაბიჯი და წარმატებული განახლება იყო Windows XP, რომელიც ახალი საუკუნის დასაწყისისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო მაიკროსოფტის განვითარების ისტორიაში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვითარდებოდა Windows XP და საბოლოოდ სიცოცხლე დაასრულა Windows 7-ის გამოსვლის შემდეგ. 

7-მდე იყო Vista, მაგრამ ამ ეპიკური ფეილის შესახებაც საუბარს მომდევნო გამოშვებისთვის დავიტოვებ.

Windows 10-ის გამოსვლასაც არანაკლებ ეპიკური ფეილი Windows 8 უძღოდა წინ, რომელიც მაიკროსოფტის მობილურ ბაზარზე შესვლის მცდელობებს ემსხვერპლა ამ მცდელობების კვალ და კვალ.

Windows 10 უკვე 8 წელია არსებობს და მომხმარებლების დიდი წილი უკავია ბაზარზე. იმის ფონზე, რომ Windows 7-ის მომხმარებლები ჯერ კიდევ ხშირად მხვდებიან რეალურ სამყაროში Windows 11-ის გამოსვლა მეხის გავარდნის ტოლფასი იყო, მაგრამ გარდაუვალი.

ARM არქიტექტურის გამოსვლასთან ერთად საჭირო გახდა უფრო მსუბუქი, კომპონენტებად დაშლილი და ადვილად ასაწყობი სისტემის შემუშავება, რომელიც Intel-ის ჩიპების გარდა ARM კომპიუტრებთანაც იქნებოდა თავსებადი. რამდენად გამოუვიდა მაიკროსოფტს ეს ძნელი სათქმელია, რადგანაც ახალი არქიტექტურა პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე ჯერ კიდევ მწირადაა წარმოდგენილი.

გარდა ამისა Windows 11-ის სისტემური მოთხოვნები გამკაცრდა, რისთვისაც მომხმარებლების დიდი ნაწილი საერთოდ არ აღმოჩნდა მზად. საუბარია პროცესორების, ოპერატიული მეხსიერების და მე-2 თაობის TPM მოდულების აუცილებელი მხარდაჭერის შესახებ.

არსებობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლის საშუალება, თუმცა შენარჩუნდება თუ არა იგივე მდგომარეობა Windows 12-ში ჯერ უცნობია.

Windows 12-ზე სწრაფი გადასვლის საჭიროებას ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას უნდა ვუმადლოდეთ თუ არა ჯერ კიდევ საკითხავია. ჭორების თანახმად სისტემა სრულიად უფასო იქნება ბაზისური ფუნქციონალით და სრულფასოვანი მუშაობისთვის ფასიან ხელმოწერას მოითხოვს.

რამდენად გაამართლებს მსგავსი მიდგომა და გახდება თუ არა ეს მიზეზი ღია კოდით გავრცელებადი ალტერნატიული საოპერაციო სისტემების წინ წამოწევისთვის ძნელი სათქმელია.

Windows-ის მომავალი სასერვერო სისტემებში ბუნდოვანია. იქ უდაო ლიდერი Linux გახდა, თუმცა კორპორაციულ, საშინაო და სათამაშო ბაზარზე კომპანიას ჯერ კიდევ ლიდერის პოზიცია უკავია და მის დათმობას ნამდვილად არ აპირებს.

გააზიარეთ: