Combined Shape

სერვერადმინი

საბჭოთა აზროვნება აიტი გარემოში

დავით მაჭახელიძე

ხშირად ამა თუ იმ პროექტზე მუშაობისას დამკვეთებისგან გამიგია მოსაზრება, რომ ყველაფერი რასაც აიტი მათი ბიზნესისთვის აკეთებს მარტივია და სწრაფია და ამაში ზედმეტის გადახდა უწევთ. თითქოს 15 წუთში მოგვარებული პრობლემა უფრო ნაკლები ღირს ვიდრე 15 საათში.

პროცესების ავტომატიზაცია სწორედ დროის და რესურსების ეკონომიას უზრუნველყოფს და გასაკვირიც არ უნდა იყოს თუ რატომ ჭირდება ჩვეულებრივზე ნაკლები დრო სისტემის გამართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილების ეფექტურობა დგება ეჭვქვეშ.

პროგრამისტი, დეველოპერი, ქსელის ინჟინერი, უსაფრთხოების სპეციალისტი თუ უბრალოდ აიტი მხარდაჭერის ოპერატორი საათების, დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში სწავლობდა პროფესიას, რომელსაც ახლა ფლობს. სწავლის გარდა ბევრ მათგანს წლების განმავლობაში აქვს დაგროვილი გამოცდილება უთვალავი მიმართულებით რასაც აიტი სამყარო მოიცავს.

მენეჯერების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თანამედროვე გარემოში აღიზარდნენ არ გამოირჩევიან დიდი ცოდნითა და გამოცდილებით და ხშირად უშვებენ შეცდომებს ტექნოლოგიების სტეკის არჩევისას ბიზნეს პროცესების მართვისთვის, მაგრამ შრომის ანაზღაურების საკითხებში მათთან ნაკლები პრეტენზიები მაქვს. მათ გაცილებით უკეთ ესმით და აფასებენ შრომას, რომელსაც მათი თანამშრომლები წევენ ამა თუ იმ პოზიციებზე.

არის კატეგორია მენეჯერებისა, რომლებიც ძველმოდურად მუშაობენ და ყურადღებას არ აქცევენ სპეციალისტების კვალიფიკაციასა და სტაჟს. მათთვის მნიშვნელოვანია საკითხის იაფად, სწრაფად და ხარისხიანად შესრულება, რაც ხშირად შეუძლებელია ამ სამი პარამეტრის თანაფარდობის ალბათობის გათვალისწინებით. ამ კატეგორიის მენეჯერებთან მუშაობას და ურთიერთობას გარკვეული პლიუსები აქვს, მაგრამ მაინც არ გირჩევდით მსგავს ხათაბალაში თავის გაყოფას.

ყველაზე საშიში და ამავდროულად საზიზღარი არის მენეჯერები, რომლებიც გარდამავალი რგოლია საბჭოთა და კაპიტალისტური აზროვნების მოდელებს შორის. ისინი ორივე სამყაროს ნეგატივს ერთდროულად იყენებენ მართვისას. მათ ახასიათებთ გასაკუთრებული ნიჰილიზმი და დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, თითქოს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებ და ამავდროულად გიმტკიცებენ, რომ ჯიგრული დამოკიდებულება აქვთ თქვენთან.

მათთვის მნიშვნელობა აქვს სპეციალისტის კვალიფიკაციას და სტაჟს თუმცა ხელფასს მაინც საშუალო მაჩვენებლით გადაგიხდიან. მათთვის თქვენი და მათი დრო ძვირფასია, თუმცა ზეგანაკვეთური ანაზღაურების მიღებას დიდი ძალისხმევა ჭირდება. ასეთი მენეჯერების გამო საბოლოოდ გადავწყვიტე არ მემუშავა სრული განაკვეთით არსად და ფრილანს სამყაროში გადავინაცვლე.

კარიერული ზრდის გარკვეულ ეტაპზე დგება მომენტი, როცა თქვენ გახდებით მენეჯერები და მოგიწევთ სპეციალისტების გუნდის ლიდერობა. სწორედ ლიდერობა და არა მართვა უნდა გახდეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი იდეა. მხოლო ლიდერს შეუძლია ეფექტურად გადაწყვიტოს პრობლემა და ამავდროულად განავითაროს გუნდის ყველა წევრი, აამაღლოს მათი კვალიფიკაცია და გაზარდოს შემოსავლები.

საბჭოთა აზროვნების გადმონაშთები თანამედროვე ბიზნესს სერიოზულად აფერხებს მიაღწიოს დასახულ მიზნებს და იწვევს ფასეული კადრების დენადობას და საბოლოოდ ქვეყნიდან გადინებასაც კი. უახლოეს პოდკასტებში ჩვენ გავესაუბრებით სპეციალისტებს, რომლებმაც დატოვეს სამსახურები და ქვეყანაც კი, უკეთესი სამუშაო პირობებისა და პროფესიული ზრდის ძიებაში.

ჩემს პრაქტიკაში უმთავრესად გარდამავალი და თანამედროვე აზროვნების მქონე ხელმძღვანელობა მხვდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო ჯამში ჩემი გამოცდილება ნეგატიური იყო. ხშირად ვაღწევდი ახალი მიდგომებისა და დამოკიდებულების დანერგვას ჩემს სფეროში და ადამიანები ვისთანაც ერთად მიმუშავია კონსტრუქციული გახსნილი და სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილის მქონე მენეჯერები იყვნენ.

ამ ეტაპზე დისტანციურად ვთანამშრომლობ ბევრ წარმატებულ ბიზნესთან და დიდწილად მენეჯმენტთან ურთიერთობა არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში სპეციალისტები ვისთანაც ერთად ვმუშაობ შეიძლება საკუთარ კომპანიებში მენეჯერულ პოზიციებსაც იკავებენ, მაგრამ ეს საქმეზე და სამუშაო ურთიერთობაზე თითქმის არ აისახება. ისევე როგორც წარსულში, ახლაც მადლობელი ვარ იმ გამოცდილებისა და ცოდნისთვის რასაც ვიღებ მათგან.

გამოიწერეთ სერვერადმინის ბლოგპოსტების და #rootadmin პოდკასტები, რომ არ გამოტოვოთ საინტერესო საუბრები ტექნოლოგიური სამყაროდან.

თუ თუვლით, რომ პოდკასტი თქვენს მეგობრებსაც დააინტერესებს გაუზიარეთ მათ აღნიშნული ეპიზოდი, რითაც პროექტის განვითარებას შეუწყობთ ხელს.

მადლობა მოსმენისთვის

გააზიარეთ: