Combined Shape

სერვერადმინი

Apple მხოლოდ iPhone არ არის

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Apple მხოლოდ iPhone არ არის
Loading
/

კომპანია Apple-ის ისტორია დეტალურად თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ონლაინ მოიძიოთ უამრავი რეალური თუ არარეალური მასალა, თუმცა დღეს მე პირადი გამოცდილება უნდა გაგიზიაროთ.

90-იანი წლების ბოლოს და 2000-იან წლების დასაწყისში ჯერ კიდევ ტელევიზიაში, როცა ვმუშაობდი და პერსონალური კომპიუტერების საშულებით აუდიო/ვიდეო მონტაჟისა და კომპოზიტინგის საწყისებს ვეცნობოდი, მასწავლებლებისგან ხშირად მესმოდა, რომ არსებობს საუკეთესო პლატფორმა, რომელსაც პროფესიონალები ყენებენ და ქვია Macintosh.

თბილისში ერთ-ერთი მასტერ კლასის დასრულების შემდეგ საშუალება მომეცა და მაკინტოშზე ვიდეო რგოლი დავამონტაჟე. პირველი შთაბეჭდილება წარუშლელი იყო, რადგანაც სისტემის სტაბილურობამ, სისწრაფემ და მოქნილობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

პირველივე წამიდან ინტერფეისი გიქმნიდა მოტივაციას გაგეკეთებინა რამე განსაკუთრებული, ღირებული, კრეატიული და ეს შეგრძნება დღემდე არ დამიკარგავს, როცა macOS საოეპრაციო სისტემასთან ვმუშაობ.

წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ მედია კომპანიაში ვმუშაობდი მაკთან ურთიერთობა ისევ Windows-მა ჩაანაცვლა და ჩემი სისტემური ადმინისტრირების სამყაროში გადანაცვლებასთან ერთად ყურადღება Linux და Unix სისტემებზე გადავიტანე.

წლების შემდეგ, როცა სტივ ჯობსმა ერთ-ერთ კონფერენციაზე Apple-ის პროდუქტების Intel პლატფორმაზე გადაყვანა გამოაცხადა macOS-მა ჩემი ინტერესი ისევ გამოიწვია და ამჯერად Hackintosh-ის ეპოქაში შევაბიჯე.

Apple-ის ტექნიკის ფასიდან გამომდინარე გაცილებით მძლავრი თავსებადი კომპიუტერის შეძენა იყო შესაძლებელი და მასზე macOS-ის დაყენება. ჰაკინტოში ორმაგად საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც სისტემური ინჟინრისთვის, რათა შემესწავლა არქიტექტურული და პროგრამული ნიუანსები, რომლის წყალობითაც ნებისმიერ თავსებად კომპიუტერზე შესაძლებელი ხდებოდა მაკის გაშვება.

წლების შემდეგ მე ისევ ის გრძნობა დამეუფლა: პროდუქტიულობა, კრეატივი და სწავლის სურვილი, რასაც Windows-ის სამომხმარებლო ინტერფეისი არ აღმიძრავდა და უფრო თამაშებისა და დაუსრულებელი ქასთომიზაციისკენ მიბიძგებდა.

შემდეგი ტექნოლოგიური საოცრება iPhone-ის გამოჩენა იყო, რომლის პირველივე მოდელის მომხმარებელი გავხდი და დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ჩემთვის უმთავრესი მობილური პლატფორმა გამხდარიყო.

Linux სისტემებთან და ღია წყაროსთან დაახლოებამ ჩემს აზროვნებაში კარდინალური ცვლილებები გამოიწვია, რამაც მობილური საოპერაციო სისტემის არჩევანზეც გადამწყვეტად იმოქმედა. Google-ის Android პლატფორმის გამოჩენამ სრულად დაჩრდილა iPhone-ის დახურული ეკოსისტემა და დღემდე iPhone-ის აქტიური მომხმარებელი არ ვარ, თუმცა მასთან მუდმივი შეხება მაქვს და ვაკვირდები განვითარებას.

იყო პერიოდი Apple სერვერებსაც უშვებდა, თუმცა macOS-ის სერვერული შესაძლებლობები იმ დროისთვის რამოდენიმე თანრიგით ჩამოუვარდებოდა როგორც Windows ასევე Linux-ის შესაძლებლობებს. შესაბამისად კომპანიამ ეს მიმართულება დახურა.

სმარტფონების, პლანშეტების, ნოუთბუქებისა და სამაგიდო კომპიუტერების გარდა Apple-ის მოწყობილობებს შორის როუტერებიც იყო, რომლებიც ჩემი აზრით შესანიშნავად ავსებდა ეკოსისტემას და მას უამრავი სასარგებლო ფუნქციით ამდიდრებდა.

სტივ ჯობსის წასვლის შემდეგ, ამჯერად უკვე ამ ქვეყნიდან წასვლას ვგულისხმობ, კომპანიას ტიმ კუკი ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით ის ძალიან კარგად ართმევს თავს იმ მოვალეობებს რაც აკისრია, მაგრამ ეს როგორც ჩანს საკმარისი არ არის.

ჩემი აზრით Apple Silicon-ზე გადასვლა ჯერ კიდევ სტივის გეგმის ნაწილია, რომელსაც კუკი სტაბილურად მიუყვება. მემკვიდრეობა, რომელიც დამფუძნებელმა დატოვა მომავალშიც დიდი ხნის განმავლობაში დაეხმარება Apple-ს იყოს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია.

ჩემი გრძელვადიან პროგნოზები დიდწილად მართლდება და ამაში განსაკუთრებულს არაფერს ვხედავ ლოგიკურის გარდა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ღია წყაროს მნიშვნელობა არათუ შემცირა არამედ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად Apple-ის მხრიდან მეტი ღიაობა და ეკოსისტემის მეტად გახსნილობაა მოსალოდნელი ვიდრე ოდესმე.

Google IO 2023-ზე პირველი ნიშნებიც კი გამოჩნდა ამ მიმართულებით. კომპანიებმა ურთიერთშეთანხმაბას მიაღწიეს დაკარგული მოწყობილობების ძებნისა და არასასურველი თვალთვალის პრევენციის მიმართულებით.

ევროკავშირის რეგულაციები, როგორიც არ უნდა იყოს ისინი აიძულებენ Apple-ს მათ მოწყობილობებზე მონოპოლიური პრაქტიკების შემცირებას. გაიხსნება გარეშე აპლიკაციების მაღაზიები და პროგრამების ცენზურის გარეშე გამოქვეყნების საშუალებაც. ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტიზაცია დამუხტვისა და მონაცემების გადაცემის მიმართულებითაც.

დღეს Apple-ის macOS-ის მომხმარებელი ვარ AppleSilicon პლატფორმაზე და მინდა გითხრათ, რომ მსგავსი გამოცდილება არც ერთ კომპიუტერზე არ მქონია მანამდე. სისტემის წარმადობა წარმოუდგენლად დიდია, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით Apple-მა რამდენიმე თანრიგით აჯობა კონკურენტებს. macOS საკმარისად ღიაა და არ ქმნის პრობლემებს ნებისმიერი ნეითივ თუ ვირტუალიზებული გარემოს გამოყენებით.

WWDC-ზე ვირტუალური რეალობის ჩაფხუტზე მეტად პლატფორმის და ეკოსისტემის გახსნილობისკენ გადადგმული ნაბიჯების ინტერესი უფრო მაქვს.

სამწუხაროდ მომხმარებლების დიდი ნაწილი კომპანიას iPhone-ით ეცნობა, რაც მის მიღმა არსებულ უფრო მნიშვნელოვან, ფაუნდამენტალურ და კონცეპტუალურ დეტალებს მალავს სილიკონის ველის გამორჩეული პროდუქტის შესახებ, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოს სურათის შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

Apple მხოლოდ iPhone არ არის და ღირს ცადოთ მაინც გაეცნოთ სხვა აპარატულ და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებსაც თქვენი გამოცდილების გაუმჯობესება შეუძლიათ.

გააზიარეთ: