Combined Shape

სერვერადმინი

Apple Vision Pro – არასწორ დროს არასწორ ადგილას?

დავით მაჭახელიძე

სერვერადმინის ბლოგპოსტები
სერვერადმინის ბლოგპოსტები
Apple Vision Pro - არასწორ დროს არასწორ ადგილას?
Loading
/

უდაოა ის ფაქტი, რომ მსგავსი სირთულის და ტექნოლოგიური წინსვლის მომსწრენი იშვიათად გავმხდარვართ, თუმცა ამაში ბევრი არსებული ვიარ/ეიარ ჩაფხუტის მომხმარებელი შეიძლება შემედაოს. Apple-ის WWDC 2023 მიმართვაში კრინტი არავის არ დაუძრავს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მაგრამ 1 საათის განმავლობაში ვისმენდით იმას თუ არსებულ პროდუქტებში, როგორ დაამატეს ინტერაქტიული ვიჯეტების, შპალერების და სტიკერების მხარდაჭერა. კიდევ ერთი საათი დაეთმო ახალ პროდუქტს, რომელიც Apple-ის აზრით მომავლის კარებს გაგვიხსნის.

კაცობრიობის სწრაფვა შევისწავლოთ ყველაფერი, გავცდეთ ჩარჩოებს, გავიჭრათ კოსმოსში და გავიხედოთ მის ფარგლებს მიღმაც რატომღაც შემოტრიალდა და ნაცვლად იმისა, რომ მოვიხსნათ ბუნებრივი ჩაფხუტი, რომელსაც ჩვენი სხეული ქვია თავისი შეზღუდული ხუთი გრძნობით და გავიხედოთ ობიექტურ სამყაროში გვთავაზობენ ამ სხეულს და გრძნობებს კიდევ ერთი ფენა დავამატოთ და ჩავიძიროთ კიდევ უფრო ღრმად ჩვენს მიერ შექმნილ ვირტუალურ თუ დამატებით რეალობაში.

Meta-სგან განსხვავებით, რომელმაც Oculus შეიძინა და ათეულობით მილიარდი ჩარეცხა უაზრო მცდელობაში კაცობრიობა ახალ სიმულაციაში ჩაეთრია, Apple-მა საკუთარი მოწყობილობის შექმნა გადაწყვიტა. სტივ ჯობსის კომპანიაში საკუთარი სოფტი და საკუთარი ჰარდი წმინდა პრინციპია და უმეტეს შემთხვევაში ეს ამართლებს. ორიოდე წლის წინ Apple Silicon სისტემაზე გადასვლა ამის ნათელი მაგალითია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პრინციპის გამოყენება.

ცნობილია კიდევ ერთი პრინციპი, რომელსაც უნდა მისდიოს ნებისმიერმა ბიზნესმა. ახალი პროდუქტი, რომელსაც წარმოადგენ აუცილებლად უნდა აგვარებდეს რეალური მომხმარებლის რომელიმე პრობლემას. სადაოა აქვს თუ არა კაცობრიობას ვირტუალურ რეალობაში ჩაძირვის მწვავე სურვილი და ამავდროულად რეალურ სამყაროსთან კავშირის შენარჩუნებაც უნდოდეს.

მიუხედავად ყველაფრისა მოწყობილობა უკვე არსებობს და მისი დაგემოვნება უკვე შესაძლებელი გახდა იმ რჩეული ადამიანების ჯგუფისთვის, რომელსაც Apple თვლის ღირსად პირველებმა შეაბიჯონ ახალ რეალობაში. დანარჩენი კაცობრიობისთვის ეს საოცრება მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. სიტყვა ხელმისაწვდომი აქ იმ მნიშვნელობით გამოიყენება, რომლითაც ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი. მოწყობილობის ფასი $3499 იქნება და მასიურ ხელმისაწვდომობაზე საუბარი, მგონი ნაადრევი კი არა წარმოუდგენელიცაა.

დაახლოებით იგივე ფასად შეიძლება MacBook Pro, iPhone, iPad შევიძინოთ და შეიძლება უფრო პროდუქტიულებიც ვიყოთ რეალურ სამყაროში ვიდრე ვირტუალურში. ალბათ ძნელი წარმოსადგენია დეველოპერი, რომელიც პროგრამულ კოდს წერს ვებ-საიტისთვის და ამას ვირტუალური კლავიატურით და ხელების მოძრაობით აკეთებს სიურეალისტური ლანდშაფტის ფონზე გახსნილ VS Code აპლიკაციაში.

კიდევ ერთი ნიუანსი, რაც ახალ პლატფორმას უნდა ქონოდა და არა აქვს მისთვის შექმნილი აპლიკაციებია. რა თქმა უნდა არსებული აპლიკაციების გაშვება იქ შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ვირტუალური გარემოსთვის შექმნილი აპლიკაციები ჩემი აზრით სამაგიდო და მობილური პროგრამების უშველებელ სივრცეში გაწელილი რეპრეზენტაცია არ უნდა იყოს. მოველოდი ახალ კონცეფციას, რომელიც ვირტუალურ სამყაროში გადასვლის უპირატესობას გაუსვამდა ხაზს, თუმცა აქაც იმედგაცრუებული დავრჩი.

აქცენტის გაკეთება თამაშებზე პრეზენტაციისას არავის გამორჩენია და Unity-ს მხარდაჭერაზეც ისაუბრეს, თუმცა Epic Games-ის Unreal Engine, რომელიც არანაკლები ტექნოლოგიური საოცრებაა ამ პლატფორმაზე პერსონა ნონ გრატა იქნება. შეგახსენებთ ამ ორმა კომპანიამ ფული ვერ გაიყო ერთმანეთში და თერმობირთვული სასამართლოს გზით განაგრძობენ ურთიერთობას.

Apple-ის ეკოსისტემა და გეიმინგი ჯერ ჯერობით ისეთივე შეუთავსებელია ერთმანეთთან, როგორც ლენინი და ბურჟუაზია. ლენინი მგონი უფრო თავსებადი იყო ბურჟუაზიასთან, მაგრამ ამაზე სხვა პოდკასტში ვისაუბრებ. პრეზენტაციაზე ჰიდეო კოჯიმას მოწვევა და იაპონურ ენაზე სუბტიტრებით საზოგადოებისთვის მიმართვა ეგზოტიკურად, მაგრამ იმედისმომცემად არ გამოიყურებოდა საერთოდ და როგორც შევატყვე მისი ქმნილება Apple-ის ვირტუალურ სამყაროსგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის.

კიდევ ერთი რამ რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არის მოწყობილობის სახელში სუფიქსი Pro. რისი თქმა უნდა ამით მწარმოებელს? ნუთუ უფრო ბიუჯეტური მოდელის გამოშვებასაც აპირებენ? ანუ Apple Vision? რა განსხვავება იქნება ბიუჯეტურ მოდელში? ნაკლები სენსორები? ნაკლები გარჩევადობა? მგონი უაზრობა იქნება ამაზე უფრო ნაკლები ხარისხის და წარმადობის მოწყობილობის გამოშვება. ჰო და MacBook Pro-ს კვალობაზე იგივე ნეიმინგის პარადიგმის გამოყენება ამ შემთხვევაში უადგილოდ მიმაჩნია.

პროდუქტის ავტონომიურობაზე საუბარი მხოლოდ მუშაობის დროის და დამატებითი აკუმლატორის არსებობით შემოიფარგლა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ 5000 პატენტიდან არც ერთი არ ეხებოდა ენერგიის ეფექტურად შენახვის ტექნოლოგიებში წინ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ვირტუალური რეალობის ჩაფხუტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.

კიდევ ერთი ნიუანსია ის, რომ ჩაფხუტი Apple-ის ეკოსისტემის ნაწილი იქნება მხოლოდ და მის გარშემო არსებულ MacBook-ების, iPad-ების და iPhone-ების რესურსებს გაგმოიყენებს. პრეზენტაციაზე საუბარი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ მომხმარებელს, რომელსაც მხოლოდ Vision Pro აქვს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია მხოლოდ iCloud-ის საშუალებით ისარგებლოს მისთვის სასურველი აპლიკაციებით.

იმედია Vision Pro ჩემს მოლოდინებს გაამართლებს და ყველა სკეპტიკური მოსაზრება რაზეც დღეს ყურადღება გავამახვილე უმნიშვნელო იქნება. მანამდე კი წინ მთელი ერთი წელი გვაქვს და ამ ერთი წლის განმავლობაში კონკურენტები შეეცდებიან მაინც რამე ალტერნატივა შემოგვთავაზონ, რაში ეჭვიც კი მეპარება, მაგრამ ეს Apple-ის წარმატების გარანტიად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს.

გააზიარეთ: