Manjaro Linux-ის ატომური ვერსია გამოვიდა

დავით მაჭახელიძე

Manjaro Linux-ის დეველოპერებმა, რომელიც არის Arch Linux-ზე დაფუძნებული და დამწყებ მომხმარებლებზე ორიენტირებული დისტრიბუტივი, გამოაცხადეს ახალი ექსპერიმენტული ვერსიის “Manjaro Immutable”-ის ტესტირების დაწყება. ეს ვერსია გამოირჩევა იმით, რომ საბაზისო სისტემა მოდის ერთიანი მონოლითური იმიჯის სახით, რომელიც მონტირდება მხოლოდ წაკითხვის რეჟიმში და მთლიანად ატომურად ნახლდება. ჩამტვირთი იმიჯის ზომაა 1.7 გბ. მხარდაჭერილია მხოლოდ UEFI ჩატვირთვა როგორც x86_64 აპარატურაზე, ასევე ვირტუალიზაციისა და ემულაციის სისტემებში, როგორიცაა VirtualBox და QEMU. ტესტირების დასრულების შემდეგ იგეგმება ამ ვერსიისთვის Manjaro-ს ოფიციალური ვარიანტის სტატუსის მინიჭება.

მონოლითური სისტემური იმიჯების შესაქმნელად Arch Linux-ის პაკეტების ბაზაზე, ასევე მათი ინსტალაციის, მხარდაჭერისა და წინა მდგომარეობაზე დაბრუნებისთვის გამოიყენება arkdep ინსტრუმენტი, რომელსაც ავითარებს Arkane Linux პროექტი. ეს ინსტრუმენტი დაწერილია Bash-ზე და წარმოადგენს GNU Coreutils, wget, curl და Systemd-ის გარსს. ფაილურ სისტემად გამოიყენება Btrfs, ხოლო აქტიურ სისტემურ იმიჯსა და ჩატვირთულ განახლებას შორის გადართვისთვის გამოიყენება Btrfs-ის ქვეტომები (subvolume).

პროგრამების ინსტალაცია რეკომენდებულია Flatpak ფორმატის პაკეტების სახით და Podman-ისა და Distrobox-ის მეშვეობით შექმნილი გარემოების გამოყენებით. დამატებით გათვალისწინებულია root პარტიციაში ცვლილებების ბლოკირების გამორთვის და სტანდარტული პაკეტების მენეჯერის pacman-ის გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა ამ გზით დაინსტალირებული პაკეტები დაიკარგება სისტემის მორიგი განახლების შემდეგ და მათი ხელახლა დაინსტალირება იქნება საჭირო.

განახლების დასაინსტალირებლად უნდა გამოიყენოთ ბრძანება “sudo arkdep deploy”, ხოლო შემოთავაზებულ განახლებაში ცვლილებების შესაფასებლად – “arkdep diff”. ნაგულისხმევად შემოთავაზებულია GNOME სამუშაო მაგიდის გარემო, მაგრამ ცალკე ვრცელდება KDE-ს მქონე სისტემური იმიჯი, რომლის დაინსტალირებაც შესაძლებელია ბრძანებით “sudo arkdep deploy test-manjaro-kde”. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია შექმნას საკუთარი შინაარსის მქონე იმიჯი მზა შაბლონების გამოყენებით.

გააზიარეთ: