Ubuntu 24.04.1 – განახლება

დავით მაჭახელიძე

კომპანია Canonical-მა წარმოადგინა Ubuntu 24.04.1 LTS დისტრიბუტივის პირველი მაკორექტირებელი გამოშვება, რომელშიც შეტანილია განახლებები რამდენიმე ასეული პაკეტისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მოწყვლადობებისა და სტაბილურობაზე მოქმედი პრობლემების აღმოფხვრასთან. ახალ ვერსიაში ასევე გასწორებულია შეცდომები ინსტალატორსა და ჩამტვირთველში. Ubuntu 24.04.1-ის გამოშვებამ აღნიშნა LTS ვერსიის ძირითადი სტაბილიზაციის დასრულება – წინა LTS შტოს Ubuntu 22.04-ის მომხმარებლებს ახლა შესთავაზებენ 24.04 შტოზე განახლებას.

ამავდროულად წარმოდგენილია ანალოგიური განახლებები Ubuntu Budgie 24.04.1 LTS, Kubuntu 24.04.1 LTS, Ubuntu MATE 24.04.1 LTS, Ubuntu Studio 24.04.1 LTS, Lubuntu 24.04.1 LTS, Ubuntu Kylin 24.04.1 LTS და Xubuntu 24.04.1 LTS-თვის. წარმოდგენილი ბილდების გამოყენება მხოლოდ ახალი ინსტალაციებისთვის არის მიზანშეწონილი – ადრე დაინსტალირებული Ubuntu 24.04 კონფიგურაციები მიიღებენ ყველა ცვლილებას, რომელიც არის Ubuntu 24.04.1-ში, სტანდარტული განახლებების სისტემის მეშვეობით. განახლებების და უსაფრთხოების პრობლემების გამოსწორებების მხარდაჭერა Ubuntu 24.04 LTS-ის სერვერული და სამაგიდო გამოცემებისთვის გაგრძელდება 2029 წლის აპრილამდე (პლუს კიდევ 7 წელი Ubuntu Pro სერვისის მომხმარებლებისთვის).

ახალი გამოშვების ცვლილებებიდან შეიძლება აღინიშნოს GNOME (46.2), Mesa (24.0.9), nvidia-graphics-drivers, xdg-desktop-portal-gnome, ovn (24.03.2), snapd (2.63.1) და apparmor პაკეტების ახალ მაკორექტირებელ ვერსიებზე განახლება. livecd-rootfs პაკეტში დაემატა ubuntu-core-installer პროექტი და უზრუნველყოფილია ubuntu-core-desktop-ის საინსტალაციო იმიჯების შექმნის ექსპერიმენტული მხარდაჭერა. linux-firmware პაკეტში რეალიზებულია DCN 3.5 (Display Core Next) მხარდაჭერა AMD GPU-ებისთვის. გაუმჯობესებულია RISC-V პლატფორმის მხარდაჭერა, დაემატა StarFive VisionFive 2 და Allwinner Nezha პლატების მხარდაჭერა. დაემატა Broadcom-ის ახალი ჩიპების იდენტიფიკატორები. გადაიჭრა Ubuntu Desktop ინსტალატორის ქსელური ჩატვირთვის პრობლემა.

ბირთვის, დრაივერების და გრაფიკული სტეკის კომპონენტების ახალი ვერსიის ინტეგრაცია მოსალოდნელია თებერვალში დაგეგმილ Ubuntu 24.04.2 გამოშვებაში, რადგან ეს კომპონენტები იმპორტირებული იქნება Ubuntu 24.10 გამოშვებიდან, რომელიც მზად იქნება მხოლოდ შემოდგომაზე და დასჭირდება დამატებითი დრო ტესტირებისთვის.

გააზიარეთ: