Seagate-მა 32 ტერაბაიტიანი Exos M მყარი დისკები ახალი ტექნოლოგიით გამოუშვა

დავით მაჭახელიძე

კომპანია Seagate-მა გამოუშვა პირველი Exos M მყარი დისკი, რომელიც დაფუძნებულია სითური მაგნიტური ჩაწერის (Heat-Assisted Magnetic Recording, HAMR) ტექნოლოგიაზე ფართო ბაზრისთვის. ის გვთავაზობს 32 ტერაბაიტ მოცულობას.

ჯერ კიდევ 2022 წელს Seagate-მა განაცხადა, რომ შექმნა HAMR-ზე დაფუძნებული HDD თავისი ახალი Mozaic 3+ პლატფორმის გამოყენებით, თუმცა მას კლიენტების შეზღუდულ წრეს სთავაზობდა. კომპანიამ ამ ტექნოლოგიაზე ექსპერიმენტები 2007 წელს დაიწყო.

Exos M სერია მოიცავს ორ მოდელს: 32 ტერაბაიტიანს მაგნიტური ჩაწერით (SMR) და 30 ტერაბაიტიანს ტრადიციული ჩაწერით (CMR). HDD სრულად თავსებადია არსებულ კომპიუტერულ სისტემებთან, რაც ამარტივებს HAMR-ის დანერგვას. თუმცა, Seagate ჯერჯერობით არ ამხელს მოწყობილობის დეტალურ ტექნიკურ მახასიათებლებს.

როგორც ჩანს, კომპანიაში მცირე გაუგებრობა წარმოიშვა მყარი დისკის სახელთან დაკავშირებით. პროდუქტის გვერდზე ის უბრალოდ Exos M-ად არის მოხსენიებული, ხოლო Seagate-ის ოფიციალურ YouTube არხზე გამოქვეყნებული ვიდეოს URL-ში და სათაურში მითითებულია “exos-m-3-plus”.

დიდი მოცულობის მყარი დისკების სფეროში Seagate-ის მთავარი კონკურენტი ამჟამად არის Western Digital, რომელმაც ოქტომბერში გამოუშვა ePMR-ზე დაფუძნებული დისკები, მათ შორის 32 ტერაბაიტიანი მოდელი.

გააზიარეთ: